კომაროვის სკოლაში პროექტის - „გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა და მონიტორინგი მიკროკომპიუტერული გამზომი სადგურის საშუალებით“- დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
- 04 აპრილი, 2019
29 მარტს კომაროვის სკოლაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში - „მეცნიერება იწყება სკოლიდან -კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ - გამარჯვებული პროექტის - „გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა და მონიტორინგი მიკროკომპიუტერული გამზომი სადგურის საშუალებით“- დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
რომელსაც ესწრებოდნენ: კომაროვის სკოლის დირექტორი, ბატონი ივანე კვიტაშვილი; დირექტორის მოადგილე, ბატონი ვახტანგ ჯაოშვილი; ფიზიკის კათედრის პედაგოგები: ბატონი მიხეილ ბერიშვილი და ოთარ ღონღაძე და პროექტში მონაწილე X-XI კლასების მოსწავლეები; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელი, ბატონი გიორგი; არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამოქალაქო საბჭო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში“ - წარმომადგენლები: თამარ პატარაია და შორენა ლორთქიფანიძე; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი გელა დევიძე; სოფელ ბედიანის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ბატონი დავით ნატრიაშვილი.
პროექტის ხელმძღვანელმა, კომაროვის სკოლის ფიზიკის პედაგოგმა ინდირა ნატრიაშვილმა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ-პროფესორმა - რევაზ შანიძემ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის დოქტორანტმა გოგიტა პაპალაშვილმა ვრცლად ისაუბრეს პროექტის შესახებ, თუ რა ეტაპები განხორციელდა გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რა შედეგები ჰქონდა განხორციელებულ პროექტს და მომავალში რა საქმიანობები იგეგმება აღნიშნული მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ.